მორალის კოდექსი

პრაქტიკული საქმიანობით დაკავებულ არქიტექტორთა საერთაშორისო მორალური კოდექსი
 

ცნობს რა არქიტექტორთა საქმიანობის ფუძემდებლურ მნიშვნელობას ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის; აცნობიერებს რა იმ როლს, რომელსაც არქიტექტორთა საქმიანობა თამაშობს ადამიანის საარსებო გარემოს შემოქმედებით ჩამოყალიბებაში, რაც ხელს უწყობს მისი ცხოვრების სრულფასოვანებას და ესთეტიკური პრობლემების გადაწყვეტისას ითვალისწინებს ეროვნული კულტურების მრავალფეროვნებას; სურს რა ეროვნულ შესაძლებლობათა განმტკიცება არქიტექტორთა პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით; ისეთი ინფორმაციის ნაკადის გაფართოების მეშვეობით, რომელიც უწინარესად პასუხობს განვითარებადი ქვეყნების თავისებურ მოთხოვნილებებს; სწამს რა, რომ დადგა ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და პრინციპების ამსახველი მორალური კოდექსის გამოქვეყნების დრო არქიტექტორთა პრაქტიკული საქმიანობის შემოქმედებითი როლის ამაღლების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ წესს, რომელიც გახდებოდა ყველა ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საფუძველი; ადასტურებს რა იმ სარგებლობას, რომლის მომტანია მორალური კოდექსის ფართოდ გამოყენება და ყველა არქიტექტორის, დაწესებულებისა თუ საწარმოს მიერ მისი დაცვა; არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი საერთაშორისო მორალურ კოდექსს ყველა პროფესიონალი არქიტექტორის ქმედების საერთო ნორმად აცხადებს;

მუხლი 1: პროფესიული საქმიანობის ყველა სფეროში არსებითია ამა თუ იმ ქვეყანაში ფასეულობათა გაბატონებული სისტემისა და კულტურის შემეცნება, ხოლო ნორმების განსაზღვრა მიზანშეწონილია ეროვნულ საფუძველზე. ეს ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მაღალგანვითარებული სამრეწველო ქვეყნებისათვის გამოსადეგი ნორმები შესაძლოა განვითარებადი ქვეყნებისათვის ვერ გამოდგეს ან გამოიწვიოს გაუმართლებელი სოციალური ზიანი. დაუშვებელია ერთი საზოგადოების მიერ მეორისათვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების თავზე მოხვევის მცდელობა.

მუხლი 2. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა ყოველი ქვეყნის განვითარებისათვის ძირითადად თვით ამ ქვეყანას ეკისრება, ადგილებზე მოქმედი პროფესიონალი არქიტექტორები უნდა ფლობდნენ თავისი ხალხის საჭიროებათა ინტერპრეტაციის პირველად უფლებას, ხოლო მათი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს დაპროექტება, მშენებლობა, მათი სამშობლოს გარემოს სრულყოფა თუ გარდაქმნა-პატივისცემის ღირსია.

მუხლი 3. გარემო, რომლის ჩამოყალიბებისათვისაა მოწოდებული პროფესიონალი არქიტექტორები, უნდა გამოხატავდეს ერის სულუსკვეთებას და მისი კულტურის არსს ასახავდეს.

მუხლი 4. ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში მოღვაწე ყოველი არქიტექტორი ვალდებულია ითანამშრომლოს იმ ქვეყნის პროფესიონალ არქიტექტორებთან, სადაც ხდება მისი პროექტის რეალიზაციაგანურჩევლად იმისა, მუშაობს იგი სამთავრობათშორისო შეთანხმების საფუძველზე, მოწვეულია სუბსიდიის გამღები ორგანიზაციის მიერ, თუ დაკავებულია კერძო სექტორის დაკვეთით.

მუხლი 5. შესაბამისი ტექნოლოგიის განვითარების დასაჩქარებლად განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების არქიტექტორები მოვალენი არიან ურთიერთკონტაქტების მეშვეობით ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ერთმანეთს და უზრუნველყონ ინფორმაციით სარგებლობა.

მუხლი 6. პრაქტიკული საქმიანობა უნდა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად მომუშავე არქიტექტორებისა თუ კონსულტანტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, განათლება, გამოცდილება, გავლილი აქვთ რეგისტრაცია და მიღებული აქვთ პრაქტიკის კანონიერი ლიცენზია, ასევე იმ ფირმების მიერ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე, ამ ფირმების პერსონალის მუშაობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალი არქიტექტორები.

მუხლი 7. არქიტექტორის პროფესიული კვალიფიკაცია და პატიოსნება საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ მისი მუშაობის გარანტიაა იმ მომენტში, როდესაც მას სამუშაოდ იწვევენ.

მუხლი 8. არქიტექტორის მუშაობა აგრეთვე გულისხმობს მის პასუხისმგებლობას დამკვეთის, საზოგადოებრიობისა და კოლეგების წინაშე, განურჩევლად იმისა, ამგვარი ვალდებულებები მისი მოქალაქეობრივი რაობის შედეგია თუ გამომდინარეობს მისი პროფესიული საქმიანობიდან. ამგვარი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ვერ მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მას სურს, რომ მისი მოტივები, ქცევა, მორალური ფასეულობანი და უნარი იმსახურებდეს პატივისცემასა და ნდობას.

მუხლი 9. ყოველ ქვეყანას გააჩნია პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ძირითად მიზნად ისახავს საზოგადოების ზოგად იურიდიულ დაცვას. იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი კანონმდებლობა არსებითად განსხვავებულია, არქიტექტორმა უნდა დაიცვას პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი მთავრობისეული კანონმდებლობა და პატივი სცეს იმ ქვეყნის პროფესიულ გარემოში მოქმედ მორალურ კოდექსს, სადაც მას მუშაობა მოუწევს.

მუხლი 10. ყველა პროფესიული ორგანიზაციის საერთო მიზანს წარმოადგენს ზნეობრივი ქცევისა და პროფესიული ოსტატობის მაღალი ნორმების ჩამოყალიბება და განვითარება, პროფესიული გაერთიანების წევრთა პროფესიული ქცევის კონტროლი და მონათესავე პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ზემოხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პროფესიულმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ყველა ოფიციალური საჩივრის მიმართ, რომელიც ეხება ამ ორგანიზაციის რომელიმე წევრის არაეთიკურ ქცევას და რომელიც შემოტანილია კოლეგის, დამკვეთის, პროფესიული ორგანიზაციის თუ მთავრობის მიერ, მომჩივანის ადგილსამყოფელის განურჩევლად. მოწონებულია არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის XVII ასამბლეაზე 1987 წლის ივლისში.

Articles Archive

Random Articles